ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში, მეხანძრეებმა 16 წლის გოგო გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა გორში, 16 წლის გოგო გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გორში, მშვიდობის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლისთანავე, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. სახლში მეხანძრე-მაშველებს 16 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ის ადგილზე შეამოწმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 2 სახანძრო და 1 სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას აქნ განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....