ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე ან სახლში უნდა წასულიყო, ან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი გამხდარიყო – ხიდაშელი

„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, მას უკვე ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა,“ – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი აზრით, მთავარია მოძრაობა ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული.

„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, ვფიქრობ, მას უკვე სრულიად ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. ამიტომ არაფერი გასაკვირი ამაში არ იყო, უბრალოდ მეგონა ცოტა უფრო ადრე იტყოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ჩათვალა საჭიროდ. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო. სანამ არ გვეცოდინება რეალურად რა გუნდით მოდის, ვისთან ერთად მოდის, ძალიან ძნელია რამის თქმა. ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული მოძრაობები ჩნდება ხოლმე და როგორც ჩნდება, ისევე წარუმატებლად მთავრდება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გუნდსა და იმ ამოცანების შესრულებაზე ვსაუბრობთ, რაც თავისსავე განცხადებაში უწერია.

ვფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმა მან კი არ გადაწყვიტა, ვითარება შეიქმნა ასეთი. რეალურად, მას ორი არჩევანი ჰქონდა: ან სახლში უნდა წასულიყო და საერთოდ არასოდეს ხმა აღარ უნდა ამოეღო, ან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი უნდა გამხდარიყო. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძემ სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. მე არამგონია, რომ ამ ქვეყანას ის რესურსი აქვს, რომ წარმატებული ადამიანები სახლში ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ  სოციალურ ქსელში განცხადებას გაავრცელა, რომ სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად ახალ მოძრაობას აფუძნებს.

 

იტვირთბა....