რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები დასრულებულია. ამჟამად ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ტარდება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 დღეა, აქციებს მართავენ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მომხრეები, რომლებიც ლგბტ პირების მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს აპროტესტებდნენ. ორი აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი იდგა. ღამის განმავლობაში, პარლამენტთან რამდენიმე მცირე ინციდენტი მოხდა.
როგორც ჟურნალისტებს ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დიმიტრი ლორთიფანიძემ განუცხადა, საღამოს ისინი შესაძლოა, კიდევ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. ამასთან, ტრადიციულად, აქციის გამართვას აპირებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს სამართალდამცველებმაც.