არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ვხედავთ არენაზე, რომელიც პატრიოტიზმის მოტივით ცდილობს, თავისი აგრესიული მოქმედებები გაამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რომ დღეს პატრიოტიზმი, საქართველოს ინტერესები არის მშვიდობიანი განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის უზრუნველყოფა და დასავლურ ოჯახში უზრუნველყოფა. თუ ვინმეს სხვანაირად ესმის თავისი ქვეყნისთვის თავდადება და თავისუფლების იდეის დაცვა ან პატრიოტიზმი, ვურჩევ ამ ძალებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავის ფილოსოფიას. თუ არადა, ამ ფილოსოფიას გადახედავს საზოგადოება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა მხარემ მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში უნდა უზრუნველყოს და დაგეგმოს თავისი პროტესტის გამოხატვა.
„შეკრება და მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია რაიმე ძალადობრივი სცენარისთვის და დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, სადაც არსებობს შესაძლო დაპირისპირების რისკები, ფიზიკური კონფრონტაციის რისკები, მიიღოს პრევენციული ზომები და არ მიიღოს ასეთი დაპირისპირება. მინდა ყველა მხარეს ვთხოვო მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში უზრუნველყონ და დაგეგმონ თავისი პროტესტის გამოხატვა. ვინაიდან საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის უპირატესი არის უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიები. ამ გარანტიებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ამაში გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერაც. ბუნებრივია, ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და ჯგუფებმა აიღონ ეს პასუხისმგებლობა და აჩვენონ საზოგადოებას, რომ აქვთ ეს პასუხისმგებლობა”,- განაცხადა თალაკვაძემ.