ერთ მხარეს არიან პუტინის მხარდამჭერები, „ოცნების“ აქტივისტები და შუა საუკუნეების შავბნელები, მეორე მხარეს კი – საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, რომელსაც სურს თავისუფალი ქვეყანა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პუშკინის სკვერში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე მწვავე სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, ძალადობრივ პროვოკაციებს მუდმივად ელის.
„ძალიან მკაფიო წყალგამყოფია ჩვენს ქვეყანაში. ყველა ნორმალური მოქალაქის ადგილი არის იქ, სადაც თავისუფალი საქართველოს მომავალია. რაღაც თვალსაზრისით კარგიც არის, რომ ასე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ფიზიკურად ერთად დგანან და ერთად იცავენ პუტინის, გახარიას და ივანიშვილის ღირსებას ეს ყველა ჯგუფი.
ამდენი დღე გრძელდება გახარიას გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია და ეს მოთხოვნა არსად წავა. ეს არის ფუნდამეტური საკითხი ანგარიშწორების, მაგრამ მთავარი საბოლოო ჯამში არის მთავრობა, რომელიც ღიად ჩვენი მტრის სამსახურში დგება საკუთარი თავის გადასარჩენად, გარშემო იკრებს საქართველოს თავისუფლების და ქვეყნის შიგნით თავისუფლების მტრებს, უნდა გადავირჩიოთ არჩევნებზე“,-აცხადებს გიგა ბოკერია.