ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს წყდება თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა: თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს – მშვილდაძე

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე მივიდნენ აქციაზე.  როგორც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, დღეს წყდება თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა: თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს.

„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია; რომლებიც ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი; რომლებიც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მიგვაჩნია, რომ:

დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;

დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით;

დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას; მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს:

დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით.

ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;

გელოდებით რუსთაველზე, შვიდიდან,“-აცხადებს აქციის ორგანიზტორი მიშა მშვილდაძე.

იტვირთბა....