აქციის – “სირცხვილია” ორგანიზატორების განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.
მათივე თქმით, დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით
„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;
დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით; დღეს, პარლამენტის წინ, ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;
მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და მისი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდომის შემდეგ მე-19 დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები იმართება. აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დანიშნულიყო პროპორციული არჩევნები და გადამდგარიყო შს მინისტრი, გიორგი გახარია.
პირველი ორი მოთხოვნა უკვე შესრულდა და როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ დაიშლებიან მაშინ, როცა გადადგება გიორგი გახარია.გუშინ კი, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
აღსანისნავია, რომ 20 ივნისს, დაგეგმილი იყო ლგბტ აქტივისტთა აქცია, “ღირსების მარში” რაც განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.
გუშინ პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეს, 8 ივლისს შედგებოდა მარში, თუმცა ის კვლავ გადაიდო, რადგან შსს-სთან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები დილიდან ჰომოფობიური ლოზუნგებით გავიდნენ. ამ წუთებში, პარლამენტთან იმყოფებიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მხარდამჭერები.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.