პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელ ზურაბ ბერძენიშვილს, ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა წყალი შეასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზურაბ ბერძენიშვილმა ლევან ვასაძეს დუგინის მეგობარი და რუსეთის აგენტი უწოდა. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა.
„ლევან ვასაძე ხალხს მიმართავდა და ფსევდოეროვნული ღირებულებებით შეფარულ რუსულ ნარატივს აჟღერებდა. საბოლოოდ განმარტება გააკეთა, რომ ახლა რუსეთის აგენტობას დამაბრალებენ, რადგან ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვებრძვიო. ესეც ძალიან დიდ თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან, მაგრამ პირველ რიგში, მას რუსეთის აგენტობას იმიტომ ვუმჟღავნებთ, რომ დუგინის დაუფარავი ძმაკაცია. ეს როცა ხმამაღლა განვაცხადე, ადამიანებში პროტესტი გამოიწვია. ოღონდ მათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვებში მაინცდამაინც ძლიერი უნარები არ აქვთ. წყალი შემასხეს, მაგინეს და ფიზიკურად გამოიწიეს. მამაოებმა მითხრეს, საქათმეში შედი და ნუ ჭყიპინებო.
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ვარ და ეს ტერიტორია თავის გეგმებით ისევ ანტისაოკუპაციო აქციას გააგრძელებს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც ჯებირს ეძიძგილავებოდა, ვკითხე, რა გინდა, აქაც მცოცავი ოკუპაცია ჩამოგვიყვანეთ-მეთქი და მიპასუხა, რომ სულ არ დავამთავროთ ეგ აქციაო. ანტისაოკუპაციო აქციას ვინმე როგორ დაამთავრებს ამ ქვეყანაში და მშვიდობიან პროტესტანტებს თვალებს როგორ დათხრის, მაგასაც ვნახავთ. აქციას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ. ჩვენი აქცია არავითარ შემთხვევაში არსად არ გადაინაცვლებს და არც ამ უმნიშვნელოვანეს ტრიბუნას დათმობს, რომელსაც ახლა ანაფორას ამოფარებული ძველი ბიჭები და ფსევდო ღირებულებებს ამოფარებული ვითომ პატრიოტები, სინამდვილეში რუსეთის აგენტები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად შეგვიზღუდონ. ყოველგვარ ძალადობრივ მეთოდს ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა ზურაბ ბერძენიშვილმა.