რუსეთი კატეგორიულად გმობს უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას, რომელიც შეიცავდა მიუღებელ გამოხტომებს და უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის მთავრობის მიმართ – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვიერ შეურაცხყოფას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ქმედება ძირს უთხის საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.
“რუსეთი კატეგორიულად გმობს უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას, რომელიც შეიცავდა მიუღებელ გამოხტომებს და უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც მოაწყო ქართულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა. ამ ქმედებას განვიხილავთ რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რაც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი იმის ნათელი მაგალითია, თუ საით მივყავართ თავგასულ რუსოფობიას.
უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას არ გაუმართლებია რადიკალების ქცევა და იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკატორებს და დაგმო მათი ქცევა. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებას, რომლითაც მომხდარი საქართველოს მთავრობამ აღიქვა.
ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური წრეებიდან. ასეთ გამოვლინებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.