ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც პროკურატურაშია დაბარებული, შს მინისტრის დაკითხვას ითხოვს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს განათლების მინისტრს უშუალოდ გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა.
“დღეს მე პროკურატურას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას ჩვენების სახით, სადაც აღვწერ ყველა მოწმეს, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ასევე დავალების გამცემ პირზე, ბატონ გახარიაზე, რა დროს რა ტიპის დავალება გაიცა. ასევე მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი,“ -ამბობს ბაჩანა შენგელია.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური შევიდა. მოგვიანებით, აღნიშნული სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი შეფასდა, როგორც სკოლის დირექტორზე ზეწოლა.