ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი-2”-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების – ქორიძე

“რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:

1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;

3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ “აიკრძალოს რუსთავი-2”, “აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა” და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;

4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;

5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. “რუსთავი-2″-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე გინებას;

იტვირთბა....