ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნიას განცხადება ზიანს აყენებს, არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის რუსულ ენაზე გინებას ეხმაურება.

“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებსა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

იტვირთბა....