ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენი სახელის გამოყენება გეი სიყვარულზე არ გამოგივათ-მეთქი – ნინო სუხიშვილი ბრალდებას პასუხობს

გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”, – ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი აცხადებს.

ლევან აკინი, ამბობს, რომ “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, ფილმს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა და ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა

ნინო სუხიშვილი ბრალდებას ექსკლუზიურად “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში პასუხობს.

“აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია.

ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?

მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი.”, – აცხადებს სუხიშვილი.

წყარო: “პრაიმტაიმი

იტვირთბა....