“ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი მეთიუ ბრაიზა საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკას აფასებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორ გზაზე დგას. ამის შესახებ მან რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
,,ნამდვილად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს დააბალანსოს ვითარება, რის გამოც დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა და მეც კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ, ვფიქრობ, ის სწორ გზაზე დგას.
ეს გზა კი, ვფიქრობ, არის ის, რომ: ქართველებმა და საქართველომ კვლავაც აკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ნატოს; მოქმედების დონეზე გააგრძელონ წვლილის შეტანა ნატოს ოპერაციებში;
რაც ეხება ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას – საქართველომ, როგორც აქამდე აკეთებდა, მაქსიმალურად უნდა გაზარდოს ურთიერთმოქმედების ხარისხი;
ამასთან, მკაფიოდ, საჯაროდ უნდა გამოხატოს რა არის საქართველოს პოლიტიკური მისწრაფება და არასდროს შეწყვიტოთ ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა, მაშინაც, კი, თუკი სახელმწიფოს მეთაური იძულებულია ეცადოს ამ ყველაფრის მიღმა რაღაც ტიპის სამუშაო ურთიერთობა შეინარჩუნოს მოსკოვთან“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა კვლავაც ძალიან მაღალია (80%-ზე მეტი) და ის კარგა ხანს არ დაიწევს.
,,პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ბევრი ფიქრობს – ნეტავ, ზედმეტად რბილი ხომ არ არის რუსეთის საკითხზე, მაგრამ ის სრულიად თანმიმდევრულია საქართველოს ბედისწერასთან მიმართებით, რაც გულისხმობს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობას.
ვფიქრობ, ის გონივრულად არ ლაპარაკობს ბევრს წევრობაზე, არამედ ლაპარაკობს მაქსიმალურად დაახლოებაზე.
ჩემი აზრით, ის ცდილობს თავიდან აიცილოს არასაჭირო, კიდევ უფრო მეტი გართულებები მოსკოვთან, რის პარალელურადაც საქართველო მაქსიმალურად ისუნთქავს დასავლეთის ჟანგბადს და იმყარებს თავის სივრცეს დასავლეთში“, – აღნიშნა ინტერვიუში ბრაიზამ.