„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას სახლში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
მათ მელიას ელექტრონული სამაჯური უნდა გაუკეთონ, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. ადგილზე იმყოფება ნიკა მელიას ადვოკატი.
ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკურ მხარეს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება დღეს გაავრცელა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, პრობაციის ეროვნული სააგენტო გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის. „თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონიძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, რომელიც განახორციელებს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.