ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“უბრალოდ ვითხოვდი, რომ არ მოეკლათ ჩემი ძმა, რომელსაც სცემდნენ” – ხვადაგიანი

მოსამართლის შენიშვნას არ ვასაჩივრებ, რადგან არ მსურს ამ ფორმალობაში მონაწილეობა, – ამის შესახებ 20 ივნისის აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილმა ირაკლი ხვადაგიანმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ხვადაგიანს აქციისას არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია.

„მხოლოდ პოლიციის ჩვენების საფუძველზე გამოუცხადა მოსამართლემ მას შენიშვნა. მე წარმოვადგინე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცების სტანდარტისთვის, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ ერთი პირის ჩვენების საფუძველზე არ შეიძლება, ჩაითვალოს პირი სამართალდამრღვევად და ეს უნდა დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებითაც, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა, ლაშა ბექიშვილმა.

ხვადაგიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი პოზიციის გამოთქმის საშუალება მიეცა, სადაც მან აქციაზე რამე დარღვევის ჩადენა კატეგორიულად უარყო. როგორც ხვადაგიანმა აღნიშნა, აქციის მიმდინარეობისას პოლიციას სთხოვდა, მისი დაკავებული ძმისთვის არაფერი დაეშავებინათ.

„უბრალოდ ვითხოვდი, რომ არ მოეკლათ ჩემი ძმა, რომელსაც სცემდნენ. სხვა არაფერი ყოფილა ჩემი მხრიდან”, – განაცხადა ხვადაგიანმა.

მოსამართლემ პროცესზე სამართალდამრღვევ პირთა წარმდგენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, დაინახა თუ არა რამე დარღვევა დავით ხვადაგიანის მხრიდან. შსს-ს წარმომადგენელმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ იქ არ ყოფილა და ხვადაგიანის ქმედებების შესახებ გადმოცემით იცის.

ხვადაგიანის გარდა, დღეს სასამართლომ კიდევ 10-მდე პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა, რომლებიც 21 ივნისს დაიწყო და ადვოკატების შუამდგომლობების საფუძველზე გადაიდო. მათი ნაწილის შემთხვევაში, საქმეები შეწყდა, ნაწილს კი, სანქციად მოსამართლემ შენიშვნა გამოუცხადა.

იტვირთბა....