პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრთან, როლანდ ნიჟარაძესთან და მინისტრის მოადგილესთან, ირმა კეკელიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.
მარიამ ჯაშის განცხადებით, აფხაზეთის თემა, რომელიც თითოეული ქართველისთვის მტკივნეულია, უნდა გახდეს ყველა მიმართულებით პრიორიტეტული. ამდენად, ჯაშის თქმით, აფხაზეთის მთავრობასთან, კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას იგი უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მისი ინფორმაციით, შარშან კომიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედ 4 კულტურულ დაწესებულებას 2019 წლის ბიუჯეტში დაფინანსება გაეზარდა.
„მართალია, ეს იყო მინიმალური ცვლილება, საერთო ჯამში, 200 000 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ ხაზი გაგვესვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის აფხაზეთის თემა და ჩვენი დევნილების თანადგომა როგორც განათლების, ასევე კულტურული ღონისძიებების სახით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი განცხადებით, პირველი და უმთავრესი სიახლე არის ის, რომ მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების დიდმა უმრავლესობამ მთავრობის ძალისხმევით შეძლო გამყოფ ხაზზე გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.
„მადლობას ვუხდი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების უწყებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ახალგაზრდების მხარდაჭერა. მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგალურად მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. ვფიქრობ, განათლების დიპლომატია კიდევ უფრო მეტ კარს გახსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლის გზაზე სახალხო დიპლომატია გავაძლიეროთ. საბოლოო მიზანი კი, ბუნებრივია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. მარიამ ჯაშის განცხადებით, კომიტეტი აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს აფხაზეთის მთავრობის ქოლგის ქვეს მოქმედ როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ დაწესებულებებთან.
ამასთანავე, მათივე ცნობით, ერთობლივად განიხილავენ იმ ბარიერებს, რომელიც რჩება როგორც დაფინანსების, ასევე შინაარსობრივად, პროგრამების მოცულობის კუთხით.