მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის მხრიდან ვინ გააკეთებს განცხადებას, მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რომელსაც საქართველო მიჰყვება და მხარს უჭერს ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვენა და ჩვენი პარტნიორი დედაქალაქები, – ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.
ვოლსკის თქმით, დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკება.
„მნიშვნელობა ამას კი არ აქვს, განცხადებას გრიგორი კარასინი გააკეთებს თუ სხვა ნებისმიერი მაღალჩინოსანი რუსეთიდან, მნიშვნელობა იმ პოლიტიკას აქვს, რომელსაც საქართველო მიჰყვება და მხარს უჭერს ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვენა და ჩვენი პარტნიორი დედაქალაქები. ეს არის ის, რომ დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდეს, ძალიან შემცირებულ და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, მცირე ფორმატში ეკონომიკურ საკითხებზე გვქონდეს მოლაპარაკება, რათა კვლავ საქართველოს არ მიადგეს ზიანი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი შეფასებით, მეორე მხრივ, სტაბილურობის პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის.
„მეორე მხრივ, ინტენსიური ევროატლანტიკური პროცესი მიმდინარეობს და სტაბილურობის ამ ფორმასა და პოლიტიკას ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ყველანაირი განცხადება, რომელსაც მოვისმენთ. ეს ისეთი თემაა, რაც სტრატეგიული მიზანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან გაიგივებული ყველა პარტიის, მათ შორის „ევროპული საქართველოსი“, რომ დესტაბილიზაცია და დაპირისპირება ორივე მხარეს მოხდეს – დასავლეთის მიმართულებითაც და ჩრდილოეთის, ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ, აქედან დიდი პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ, მაგრამ ეს უპერსპექტივოა“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.