ახალი ამბები

Amata City -ს წარმომადგენლობა აგვისტოში საქართველოს ეწვევა და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებს შეხვდება

„ანაკლიის განვითარებული კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ტაილანდს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქმიანი შეხვედრები გამართეს ისეთ დიდ ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა Nohara Denken Factory, JWD Infologistics , Grimm Power Plants, Amata City.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების შეხვედრის ორგანიზება იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. Amata City -ს წარმომადგენლობა აგვისტოში საქართველოს ეწვევა და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე საქართველოში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მაისში იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრომ (METI) ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გრანტი გამოყო. კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური საწარმოო და ლოგისტიკური სექტორის წამყვანი კომპანიების მოზიდვა და პროექტში ჩართვა. კვლევაში ჩამოყალიბებული იქნება SEZ-ის განვითარების გეგმა და მასტერპლანი. გრანტის ფარგლებში, სამი საერთაშორისო კომპანია ჩაერთვება: Tomonius Co. Ltd – გრანტის აპლიკანტი, Phnom Penh SEZ Plc – თანამშრომლობის პარტნიორი კომპანია და Nippon Koei Co. Ltd – საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმაზე მუშაობს. ბანგკოკში ვიზიტისას მამუკა ხაზარაძე და ქეთი ბოჭორიშვილი Tomonius Co. Ltd , Phnom Penh SEZ Plc და Nippon Koei Co. Ltd -ს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების დიდი პერსპექტივა აქვს. „ანაკლია სითის“ გუნდი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ანაკლიის ეკონომიკურ ზონაში მულტინაციონალური კომპანიების მოსაზიდად. დღეს ვიმყოფებით ბანგკოკში, სადაც შეხვედრები გვაქვს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, რათა გავაცნოთ ანაკლიის ზონის პერსპექტივები და დავანახოთ ჩვენი ქვეყნის უპირატესობები რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ზონებთან“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....