პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მელია აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩიროს ის მუხლი, რომლითაც მას პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდა.
მისივე განცხადებით, ის აუცილებლად დაესწრება როგორც პარლამენტის სხდომებს და სახლიდან გამოსვლის წინ ამის შესახებ პროკურატურას აცნობებს.
„ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და პარლამენტის რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც.
როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ, ნიკა მელიას საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და არ დააკმაყოფილა პროკირატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. ასევე, მის მიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით განახორციელებს