მთავარი პოლიტიკა სამართალი

გვაქვს შესაძლებლობა ჟენევის მოლაპარაკებებზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში დავაყენოთ – ხულორდავა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის მხრიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა პრინციპული საკითხი იქნება დასმული, საკითხები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვა ამ მხრივ ახალი სირთულეა, რომელიც მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის.

„ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებული გართულება გვაქვს. რაც ახალი პერიოდის დამატებითი სირთულეა. 27 ივნისს აფხაზეთის მიმართულებით ჩაიკეტა საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი. რაც ძალიან დიდ, ახალ, დამატებით სირთულეებს უქმნის ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება, ასევე სხვა საკითხებზე, როგორიც არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან სხვადასხვა ნიშნით. მათ მიმართ ადგილი აქვს სხვადასხვა უკანონო შეზღუდვას. ეს ეხება მათი განათლებისა და გადაადგილების უფლებას. ასევე ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების გატაცებასთან და შემდეგ გარდაცვალების ფაქტებთან. კვარაცხელიას საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული და რუსეთის მხრიდან პასუხების მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატი ჟენევის დღევანდელი მოლაპარაკებებიდან რამე მნიშვნელოვან გარღვევას არ ელოდება.

„სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკების 48-ე რაუნდი იმართება უკვე და ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა და კონკრეტული შედეგები ამ დიალოგის ფარგლებში არ გვაქვს. ალბათ, არც ამჯერად არ იქნება რაღაც გარღვევა ამ თვალსაზრისით. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენთვის აქტუალური, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში დავაყენოთ, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ ხულორდვამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება.

იტვირთბა....