ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გლდანის საცურაო აუზის“ დირექტორი თანამშრომლის აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

“გლდანის საცურაო აუზის“ დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ აუზის თანამშრომელი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც გივი ჩხარტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანამშრომელმა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე თავად დაწერა.

„რა თქმა უნდა, უარვყოფ ინფორმაციას, რომ ეს აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა. ჩვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის პირადი განცხადების საფუძველზეა სამსახურიდან წასული. რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ინსულტი ჰქონდა გადატანილი. რადგან მისი განცხადება მქონდა და ვიცოდი, როგორ მდგომარეობაში იყო, უნდოდა წასვლა და ამიტომ დავაკმაყოფილე. პოლიტიკური კუთხით არც მიმიქცევია ყურადღება. ჩვენ სპორტული ორგანიზაცია გვაქვს და ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ეგეთი რაღაცეები. მე თავისი ხელით შემომიტანა პირადი განცხადება, რომელიც დაწერილი აქვს არა მარტო მას. ის სამსახურიდან დღეს წავიდა, თუმცა განცხადება 9 ივნისს ჰქონდა დაწერილი. რამდენიმე თანამშრომელია, ვინც სამსახურიდან წავიდა პირადი მიზეზების გამო. 1 ივნისის შემდგომ 12 ადამიანს შეუჩერდა უფლებამოსილება პირადი განცხადებების საფუძველზე“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, “გლდანის აუზის” თანამშრომელი, 61 წლის გია წოწირია, აქციებში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....