“ქართულმა ოცნებამ” პრეზენტაციაზე პარტიები დაპატიჟა, ზოგმა თავყრილობა საკუთარი ოცნების ახდენის მექანიზმად ჩათვალა, რაც მათი გადასაწყვეტია და არავის ვაკრიტიკებთ, მაგრამ ჩვენ მასში მონაწილეობა არ მივიღეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ უკან დაიხია და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აპირებს, მაგრამ ოპოზიცია ბოლომდე ვერ ენდობა და ყურადღება არ უნდა მოადუნოს.
„წნეხი არ უნდა შევამციროთ. კონსტიტუციის მიღების დროს, ვენეციასთან შეთანხმებული დოკუმენტი ხელისუფლებამ შეცვალა და პროპორციული არჩევნები 2024 წლამდე გადაავადა, ორი დეპუტატის მოთხოვნა მოიმიზეზა. ამათი ნდობა არ შეიძლება. ამ პროცესის ფორსირება უნდა მოხდეს და ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ეს იყო პარტიული ღონისძიება. საკუთარი ინიციატივის პრეზენტაცია გამართეს. მსგავსი კანონპროექტი ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ, რომელმაც ბიურო გაიარა, მათზე რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ და თუ უნდოდათ, პროცესის სწრაფად დამთავრება, 20 პარტიის ინიციატივის საფუძველზე განეხორციელებინათ ცვლილებები. თუ ამ პარტიულ ღონისძიებას სხვა ესწრებოდა, ეს მათი ნებაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.