“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ ნულოვანი ბარიერით, არის სწორი და დემოკრატიული ნაბიჯი, რითაც საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა.
თალაკვაძემ ყურადღება ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
“მივესალმებით ოპოზიციური პარტიების ჩართულობას ამ პროცესში და არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა იქნება საჭირო იმისათვის, რათა ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღოს, ვინაიდან ოპოზიციის ხმებიც სამი მეოთხედის ფარგლებში იქნება საჭირო, რომ ცვლილება კონსტიტუციაში განხორციელდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
ამით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების პროცესი დაიწყო. ბიურომ ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალა.
კომიტეტი დეპუტატთა ხელმოწერებს ერთი კვირის ვადაში შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს წარუდგენს. ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.
კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.