ივანიშვილმა მოიფიქრა. ნულოვანი ბარიერის თემა შემოაგდო და ოპოზიციას წამიერად თავი გამარჯვებულად აგრძნობინა. გაუხარდათ. მოგვიანებით კი, ივანიშვილის მიერ შემოთაზებული ახალი „პოლიტიკური კერძის“ დაგემოვნების შემდეგ ოპოზიციამ ნულოვანი ბარიერი კარგად გადახარშა და 3-პროცენტიან ბარიერზე დაიწყო საუბარი.
ვინ იგებს ნულოვანი ბარიერისა და კოალიციის აკრძალვის შემთხვევაში? ფაქტია, რომ „ოცნებას“ აწყობს. ბოლო-ბოლო, ამ იდეის ინიციატორი თავადაა და ალბათ აწონ-დაწონეს. ოპოზიციის უმეტესობა აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებს მიაღწიეს და ეს მათი აქტიურობის დამსახურებაა. ასე რომ, საბოლოოდ მივიღეთ „ორმხრივი პოლიტიკური ორგაზმი“, რადგან ერთი შეხედვით, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.
მაგრამ… რა ხდება რეალურად? ვის აწყობს და ვის არა შემოთავაზებული ვარიანტი? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ვინ დარჩება მოგებული – მმართველი პარტია, ოპოზიცია, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი?
მოდით, დავთვალოთ ძალიან მარტივად და ციფრებით განვსაზღვროთ რეალობა: ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, ნებისმიერ, ყველაზე არაცნობად და თუგინდ ოდიოზურ პარტიასაც კი 12 000-დან 15 000-მდე ხმა სჭირდება იმისთვის, რომ (გამომდინარე იქედან, რა ოდენობის ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში), ერთი კაცი გაიყვანოს პარლამენტში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 3 600 საარჩევნო ყუთია, გამოდის, რომ თითოეულ ყუთში 4 ბიულეტენის ჩაგდებაა საჭირო, რომ რომელიმე პარტიული სიის პირველი ნომერი დეპუტატი გახდეს.
დავსვათ კითხვა: რომელი ვარიანტი აწყობს ივანიშვილს? რა უჯდებოდა მას ერთი მაჟორიტარის გაყვანა თითოეული უბნიდან და რა დაუჯდება ახლა, ერთი დეპუტატის გაყვანა თუგინდ ხელოვნურად შექმნილი რაღაც პარტიიდან? არადა, საუბარია მხოლოდ 4 ბიულეტენის ჩაგდებაზე თითოეულ ყუთში. რამდენად რთული იქნება, სულ მცირე ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით ეს ივანიშვილისთვის? დასკვნა მკითხველმა გააკეთოს…
პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი აჟიტირებულია, რომ პროპორციული არჩევნებით, თავისუფლად შეუძლიათ აღნიშნული 15 000 ხმის და მეტის მოგროვება, რითაც მათი პარტია წარმოდგენილი იქნება პარლამენტში თუგინდ ერთი დეპუტატით. განსაკუთრებით ჩუმად არიან ის პარტიები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებში 1-დან 2 პროცენტამდე იღებენ ხოლმე. ზოგი ამასაც ვერ იღებს, მაგრამ, ხომ გაჩნდა შანსი?
რაც შეეხება ბლოკების გაუქმების ინიციატივას, ამაზეც ბევრი ოპოზიციური პარტია დუმს და სავარაუდოდ, არც ამოიღებს ხმას, რადგან ხშირ შემთხვევაში ერთი-ორი დეპუტატის გასაყვანად, ყოველთვის „პოლიტიკური პრაგმატიზმით“ უწევდათ ხოლმე რომელიმე გუნდთან გაერთიანება და ამჯერად გაჩნდა შანსი…
თუმცა, არსებობენ ისეთი შედარებით მაღალპროცენტიანი პარტიებიც, რომლებსაც ბლოკის გაუქმება სულაც არ ადარდებთ, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნები, რადგან ასეთებს 2020 წლამდე მოთელვის დროც რჩებათ და შანსიც უჩნდებათ, კარგად მოემზადონ და რაც შეიძლება მეტი კანდიდატი გაიყვანონ პარლამენტში. მაგალითად „ევროპული საქართველო“, ან „ლეიბორისტული პარტია“.
ის, ვისაც არ აწყობს ბლოკების გაუქმების იდეა, ეს „გაერთიანებული ოპოზიციაა“. სააკაშვილს ყოველთვის დიდი ამბიციები ამოძრავებდა და ამჯერადაც, მისი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმის მიღებას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, მას კარგად ესმის, რომ ბლოკის გარეშე ხმები დააკლდება და „დიადი მიზნის“ მიღწევაც გაძნელდება. დანარჩენი ოპოზიციური ძალები კი, როგორც უკვე აღვნიშნე, დიდად არ იაქტიურებენ, იმ იმედით, რომ არსებობს შანსი – პარლამენტში ჰყავდეთ მინიმუმ ერთი წარმომადგენელი.
ასე რომ, ბლოკების გაუქმება ნიშნავს პრინციპს – „დაყავი და იბატონე“. ივანიშვილის და მმართველი გუნდის ამ პრინციპით მოქმედებამ სავარაუდოდ, შესაძლოა გაამართლოს, რადგან პოლიტიკურ ძალთა დაშლით ივანიშვილი მიიღებს არც თუ ისე ძლიერ კონკურენტს და უფრო მშვიდად იგრძნობს თავს 2020 წლის არჩევნების წინ. თუმცა „ოცნებას“ დარჩენილ წელიწადნახევარში სერიოზული მუშაობა მოუწევს რეიტინგის შესანარჩუნებლად, რადგან ისიც ფაქტია, რაც დრო გადის მისი რეიტინგი ეცემა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას ერთი – ივანიშვილმა ახალი ინიციატივით საკმაოდ ცბიერი და ამავდოულად, ფარული „კაკანათი დაუგო“ ოპოზიციას. აღნიშნული საარჩევნო სისტემა თუკი ვინმეს აწყობს, ეს მმართველი გუნდია. ამით ივანიშვილი შლის და ასუსტებს მთავარ კონკურენტ ძალას და თანაც, მაჟორიტარულ სისტემას ანაცვლებს უფრო მარტივი სალავირო მეთოდით – 4 ხმა საარჩევნო ყუთში.
გენო ჯოხიძე