შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, აქცია გრძელდება. აქციის პარალელურად, შიმშილობას აგრძელებს სამი პირი.
საპროტესტო აქცია მეოთხე დღეა მიმდინარეობს და მასში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ. აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მითხოვენ.
„აქციები არ დასრულდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ და აღნიშნა, რომ ისინი დათვალიერების მიზნით დენდროლოგიურ პარკში გადაინაცვლებენ.
“2018 წელს ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დენდროლოგიური პარკი იქნებოდა საზოგადოების კუთვნილება. თუმცა, დღეს აღმოჩნდა რომ ეს პარკი მან მოიწყო თავისთვის. წინააღმდეგობის ბარიერი აღმართა ასობით პილიციელმა, რაც მიუთითებს იმას, რომ გახარიას უწყება მის უსიტყვო მორჩილებაში იმყოფება”, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ.
აქციის მონაწილეები დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან.