ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. არსებობს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ტრავმები – ჰარცელი

ჩემთვის, ისევე როგორც, ევროკავშირის მისიისთვის ნათელია, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რადგან ამ მოვლენების შედეგად არსებობს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ტრავმები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ვითარება უძრავი არ არის და გამოძიებები დაიწყო.

„ვხედავთ, რომ სიტუაცია უძრავი არ არის. დაიწყო გამოძიება დემონსტრაციებთან დაკავშირებით, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასა და ძალადობისკენ მოწოდებაზე. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ფაქტები, რადგან ყველას უნდა პასუხის მიღება და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სახალხო დამცველიც აქტიურად არის ჩართული, რათა გამოძიება უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰერცელის თქმით, გამჭვირვალობა უმთავრესია.

„ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ პროცესთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წახალისებას, რადგან ამ მოვლენების პოლიტიკური ხილვადობა მაღალია და მთავარი გამჭვირვალობაა. ადამიანს დემონსტრაციის და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, ოღონდ კონსტიტუციის გათვალისწინებით და დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მივალთ კონსენსუსამდე. ეს კი, ორივე მხრიდან კეთილ ნებას საჭიროებს.

ჩვენი მიზანია, პროცესებში სხვადასხვა მხარეები იყვნენ ჩართული. საჭიროა, ვიცოდეთ ფაქტები და გაგრძელდეს განვითარების პროცესი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

იტვირთბა....