ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ თუ არ გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, პროტესტი, როგორც პარლამენტში, ასევე გარეთ, გაცილებით მძაფრი იქნება.
ოპოზიციონერი დეპუტატი შს მინისტრის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გამოსვლა ფაქტობრივად თავის მართლება იყო.
მისივე თქმით, გიორგი გახარია დროის გაჭიანურებას და ამ ხრიკით, სასწრაფო გადადგომის მოთხოვნის აცილებას ცდილობს.
„გიორგი გახარიას განცხადება იყო დროის გაჭიანურების მცდელობა. „დაველოდოთ გამოძიებას” – ვიცით, რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ არაფერს გამოიძიებს და პროცესის დროში გაწელვა უნდა. მას უნდა ამ ხრიკით სასწრაფო გადადგომის მოთხოვნა აიცილოს, მაგრამ ეს ასე არ მიხდება. მას დაუყოვნებლივ გადადგომა მოუწევს, ვინაიდან დღეს საზოგადოებაში წარმოქმნილი პროტესტი გამოწვეულია იმ საფრთხით, რომ საქართველო კვლავ რუსეთის სატელიტი გახდეს. ეს პატრიოტულ ნიადაგზე გამოსული პროტესტია და ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია მსგავსი ხრიკებით, რასაც გახარია მიმართავს” – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, გახარია გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ზოგადი ფრაზებით ამბობდა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თავადაა.
„მისი გუშინდელი განცხადებები იყო ძალიან დამაეჭვებელი. ის ზოგადი ფრაზებით ამბობდა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონაა, მაგრამ არადა არ თქვა, ვინ გასცა ბრძანება. არ არის გამორიცხული და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ პროცესებში თავად ივანიშვილიც იყო ჩართული. მას არ უნდა, დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა აიღოს საკუთარ თავზე, თანაც მაშინ, როდესაც მომიტინგეთა დაშლა მოხდა იმ ფორმის იარაღით, რომლიც იყო ადამიანებისთვის საზიანო. ასევე, სამომავლოდ მისი ნებისმიერი წამოცდენა შეიძლება, გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების დროს და ეს რომ მოხდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მას უნდა, რომ თავი დაიზღვიოს სამომავლოდ იმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელიც დაუდგება. გახარიას გამოსვლა ფაქტობრივად თავის მართლება იყო. ერთი რამ ფაქტია, რომ თუ დაუყოვნებლივ არ გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ პროტესტი, როგორც პარლამენტში, ასევე გარეთ, გაცილებით მძაფრი იქნება და მას ამის გაკეთება მოუწევს,” – განაცხადა გახარიამ.