ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რომ შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით. შესაბამისად, ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რომ ეს შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.
ყველა ფორმალური და არაფორმალური არხით გვაქვს კომუნიკაცია ჩვენი პარტნიორების დახმარებით. მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ასევე ის, რომ ახალგაზრდების გადაადგილებას ეშლება ხელი, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში, ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე რომ არ ჰქონდეთ გალელ სტუდენტებს შეფერხება უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე.
მინდა, დავაიმედო და დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი განსაზღვრული იქნება მათ ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ მოგვიანებით, ახლა მთავარი ინტერესია რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და მოკლე ვადაში გაუქმდეს შეზღუდვა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე გუშინ, 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა.