პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძის თქმით, არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ქართულ ოცნებას” არ აწყობს 2020-ში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. ამასთან ის თვლის, რომ “ნაციონალებისთვის” ვადამდელი არჩევნების მიღწევა ხელისუფლებაში დაბრუნების ტოლფასია.
“ამ მოცემულობით, “ნაციონალებისთვის” ვადამდელის მიღწევა ხელისუფლებაში დაბრუნების ტოლფასია, რადგან:
1 – სხვა პარტიების უმეტესობა არჩევნებისთვის მომზადებას ვერ მოასწრებს;
2 – დაიწყება “ოცნების” ჩამოშლა და “ოცნებას” მაჟორიტარების არამცთუ მოგება, დაკომპლექტებაც გაუჭირდება – ვის უნდა წაგებული თამაშის თამაში და “ნაციონალებთან” დატაკება?!
3 – შესაბამისად, ვადამდელის მოგების გაცილებით მეტი შანსი “ნაციონალებს” აქვთ და არა – “ოცნებას”. თანაც, ეს არ არის 2008 წელი, როცა სააკაშვილმა გადადგომით და ხელახალი არჩევით, 4 წლით გაიხანგრძლივა ხელისუფლება. “ოცნებას” ამის რესურსი აღარ აქვს. ერთდერთი შანსი მათთვის ხელისუფლებაში ნაწილობრივი დარჩენის – 2020-ის ახალი სისტემით ჩატარება და კოალიციის შეკვრა იყო, თუმცა, ესეც ძალიან დაბალი. ამიტომაც, თუ ბიძინა ივანიშვილი ვადამდელზე წავიდა: ერთი – ან მიხვდა, რომ ამ რესურსით 2020-მდე “ოცნება” ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს და აპირებს, არჩევნების გზით გადააბაროს; და მეორე – ან მორიგ ჯერზე ატყუებენ, რომ “ოცნებას” ვადამდელის მოგების რესურსი აქვს და ისიც თავს იტყუებს”. – წერს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში აღმოჩნდა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დემონსტრანტები დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია.
ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა ჯერჯერობით არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.