ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კენჭისყრაზე თავი შევიკავე, მაგრამ ეს არ იყო ვინმეს წინააღმდეგ ან მხარდასაჭერად” – კაკულია

კენჭისყრაზე თავი შევიკავე, გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირე, მაგრამ ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ და არც არავის მხარდასაჭერი. ერთი დეპუტატის აზრი გამოვხატე იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

კაკულიას თქმით, მას უმრავლესობის დატოვების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია, რის თაობაზეც ინფორმაცია გავრცელდა.

„ეს ნაბიჯი არავის წინააღმდეგ და არავის მხარდასაჭერად არ გადამიდგამს. განცხადება არც უმრავლესობიდან გასვლაზე გამიკეთებია. თუ ჩემი გადაწყვეტილება გუნდისთვის პრობლემური იქნება, უხერხულობაში არავის არ ჩავაყენებ, თუმცა საუბარი ამაზე ჯერ არ ყოფილა. ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ მაქვს, ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. ეს რა განწყობას გამოიწვევს, დაველოდოთ. კითხვები დავსვი, რაზეც კვალიფიციურ პროკურორს თავისი მოსაზრებები ჰქონდა, მაგრამ დასაბუთებული ეჭვი საპარლამენტო ცხოვრებაში ახალია. თუ დასაბუთებული ეჭვის გამო ღებულობ ამ გადაწყვეტილებას, დასაბუთებულობა ძალიან სუბიექტურია. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა წარმოდგენილი. მესმის, რომ პროკურატურას მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს და პარლამენტს სასამართლოთი ვერ ჩავანაცვლებ. არ მგონია, რომ იმ საქციელს ვინმე ამართლებდეს, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა იყო. არ მგონია, საქართველოში ვინმე თვლიდეს, რომ სამართლებრივი რეაგირება ამ პროცესებს არ სჭირდება, რაც ნიკა მელიას ეკუთვნოდა. არ მგონია, რომ რაიმე პოზიციის გაგება იყოს ძნელი. თუ გუნდის რაიმე პოზიცია იქნება, არავის პრობლემას არ შევუქმნი”, – აღნიშნა კაკულიამ.

იტვირთბა....