ნიკანორ მელია არ აპირებს მიმალვას, იგი მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე– ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა.
ადვოკატის განცხახადებით, უხეში საპროცესო დარღვევები ფიქსირდება და არ იცის რას ეყრდნობა პროკურატურა.
“ამ საქმეში პირველივე წუთებიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან და ვთხოვდით გადმოეცა მტკიცებულებები, რას ეყრდნობა ბრალდება, თუმცა ამ წუთამდე არავითარი მტკიცებულება არ გაგვცნობია. ეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში გადააგზავნეს სისხლის სამართლის საქმის მასალები და ათასი აბსურდული ბრალდების გამო ითხოვენ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას.
ნიკა მელია პირდაპირ მიუთითებდა მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, ხელებაწევით შევიდეთ და გავაპროტესტოთ პარლამენტის ეზოში ის პროტესტი რაც არსებობდა რუსთაველის გამზირზე, თუ კი ეს არის გადატრიალება, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ბუნტი, დამერწმუნეთ ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი აბსურდი.
მე არ ვიცი რას ეყრდნობა პროკურატურა და აშკარაა, რომ ამ წუთებშიც ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, თორემ ამ შემთხვევაში ვალდებულები იყვნენ გუშინვე გადმოეცათ ჩვენთვის მტკიცებულებები. თუ კი ეს განცხადებები არის საფუძველი და ის რაც საზოგადოებამ იხილა, ეს სამართლებრივი კვალიფიკაციით არ ჯდება იმ ბრალდებაში, რომელიც გაცხადებული იქნა. არავითარი მასობრივი ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ბუნტი და ათასი ინსინუაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.