ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ფაქტობრივად, ნებისმიერი მოქალაქის ხმა იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში” – ბახტაძე

ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა უპრეცენდენტო იდეა, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პოლიტიკურ სივრცეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე ნებისმიერი მოქალაქის ხმა იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში ბევრი ახალი სახე გამოჩნდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარი იყო ის, რომ მე დავინახე ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ახალგაზრდების ძალიან ნიჭიერი თაობის მზადყოფნა, რომ ისინი მონაწილეობდნენ საჯარო პოლიტიკაში, იყვნენ ჩართულნი სახელმწიფოს მმართველობის პროცესში და ამაზე აიღონ პასუხისმგებლობა. ყოველთვის მქონდა ეს განცდა და დადასტურდა, რომ ქართული საზოგადოება ითხოვს ახალ სახეებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და ე.წ ნულოვანი ზღვარით, არის ერთადერთი გარანტია, გვქონდეს იმის განცდა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაუჭერს მხარს ჩვენი საზოგადოება. ფაქტობრივად, ნებისმიერი მოქალაქის ხმა იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვიმედოვნებ, რომ ბევრ ახალგაზრდას, ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ ქართულ პოლიტიკაში. ეს გააჯანსაღებს სიტუაციას და ეს იქნება ახალი ენერგიის და დინამიკის შემომტანი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის დღის წესრიგი, რასაც ჩვენ აგრესიული ოპოზიცია გვთავაზობდა და რამაც საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია, ეს არის სრულიად მიუღებელი. ეს გახლდათ მხოლოდ კონტრპროდუქტიული ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....