ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გახარია სხდომათა დარბაზში ვერ შემოვა, ხელისუფლება პროვოკაციას გვთავაზობს” – გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენა ვერ მოხდება, მას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, უგუნურებაა, რომ გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას გეგმავს.

„ვითხოვდით, რომ ხვალ ის ტრაგიკული მოვლენები განგვეხილა, რაც დატრიალდა და დარბაზში რუსი კომუნისტის შემოთრევით მოხდა. ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დანიშვნაზე პირველი ნაბიჯები გადადგა და იმის ნაცვლად, რომ ვითარება დააწყნაროს, ახლა თქვეს, რომ დამნაშავე გახარია პარლამენტში პარასკევს უნდა მოვიდეს და მოვუსმინოთ. მთელი ქვეყანა გახარიას გადადგომას ითხოვს, რათა მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. საზოგადოების სრული იგნორირებით უტიფრად უნდათ, გახარია მოიყვანონ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. შეგნებულად აღიზიანებენ ხალხს, შეგნებულ პროვოკაციაზე მოდიან. გაფრთხილებთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, რადგან გარეთ სხვა განწყობაა, რასაც ვერ ხედავთ. გახარია ამ დარბაზში ვერ შემოვა, ამის პირობას გაძლევთ. გახარია ვერ შემოვა, გავრილოვი შემოვიდა და დარბაზს დავიცავთ. „ქართულმა ოცნებამ“ დარბაზი წაბილწა და კეთილი ინებონ, სხდომათა დარბაზს დეზინფექცია ჩაუტარონ, სანამ შევალთ. პარლამენტში გახარია ვერ მოვა, ხელისუფლება პროვოკაციას გვთავაზობს, პროვოკაციის აცილების გზა გონივრული გადაწყვეტილებაა – გახარია უნდა გადადგეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....