აუხდენელი ოცნება არ არსებობს. მითუმეტეს, როცა საქმე ამერიკას ეხება. ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ირაკლი ლოლაძე, ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ “სტელა ადლერი”-ის სამსახიობო აკადემიაში 2017 წლიდან სწავლობს. ქართველი მაყურებელი, მას ლევან კოღუაშვილის ფილმ “ქუჩის დღეებიდან” იცნობს. მსახიობი, ამერიკაში წასვლამდე 9 წელი ინგლისში ცხოვრობდა. შტატებში მისი გამგზავრების მთავარი მიზანი შემოქმედებითი წინსვლა იყო. ის არ შემცდარა. პროგრესი სახეზეა. “მეტრონომი” ირაკლის ლოს-ანჯელესში დაუკავშირდა და ამჟამინდელ პროექტებზე, მომავლის გეგმებზე, საოცნებო როლზე, პირველ კასტინგზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.
“მეტრონომი“: ირაკლი, რამდენი ხანია რაც ამერიკაში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ?
ირაკლი ლოლაძე: ლოს-ანჯელესში 2017 წლის თებერვალში, “სტელა ადლერი”-ის აკადემიაში სასწავლებლად ჩამოვედი, რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამსახიობო აკადემიაა. 2-წლიანი კურსია, სადაც გასწავლიან თვითონ “სტელას” ტექნიკას, რომელსაც სწავლობდა ყველა, მარლონ ბრანდოდან დაწყებული, ბენისიო დელ-ტოროთი და მარკ რუფალოთი დამთავრებული. მანამდეც მიწევდა ამერიკაში ლონდონიდან ჩამოსვლა, რადგან ნიუ-იორკში მყავდა მასწავლებელი, რომელიც “ლი სტრაზბერგ”-ის მეთოდს მასწავლიდა და ამიტომ, ცოტა ხანი ნიუ-იორკშიც ვიყავი. მოგვიწია ერთი პიესის, “გამყიდველის სიკვდილის” დადგმა. არტურ მილერის ცნობილი პიესა.
„მეტრონომი“: რატომ გადაწყვიტეთ უშუალოდ ამერიკაში წასვლა? რა იყო მანამდე, როგორი იყო შემოქმედებითი ცხოვრების ქრონოლოგია?
ირაკლი ლოლაძე: ყოველთვის მინდოდა ამერიკაში მოღვაწეობა, სწავლა და ცხოვრება, თან მსახობისთვის ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი ყველაზე პერსპექტიული ადგილია. მით უმეტეს, ლოს-ანჯელესი ამისთვის არსებობს, საითკენაც გაიხედავ ყველგან გადაღებები მიმდინარეობს. იქნება, ეს ტარანტინოს ახალი ფილმი თუ, უბრალო სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი. ამერიკაში გადმოსვლამდე ლონდონში 9 წელი ვსწავლობდი და, რა თქმა უნდა, იქაც ვცდილობდი ყველა გზით მიმეღწია რამე წარმატებისთვის, მაგრამ, იქაც არც თუ ისეთი დიდი პერსპექტივაა, ამიტომაც, ბრიტანელი მსახიობების უმეტესობაც, მაინც ამერიკას ანიჭებს უპირატესობას.
„მეტრონომი“: რამ გადაგაწყვეტინათ და როდის გადაწყვიტეთ პროფესიად მსახიობობა აგერჩიათ?
ირაკლი ლოლაძე: მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, სკოლიდან მოყოლებული ყველა მეუბნებოდა შენ, ან ცირკში უნდა იყო, ან თეატრშიო. ჰოდა, მეც, ცირკს თეატრი ვამჯობინე. მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და ამიტომაც, ალბათ, მეც ყოველთვის მქონდა სურვილი, ვყოფილიყავი ამ სამყაროს წევრი. პროფესიულად, 2016-ში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი კარიერა და სამსახიობო ცხოვრება დამეწყო და ამ სფეროსთვის მიმეძღვნა. ჩემს მძლავრ სურვილთან ერთად, რომ არა ჩემი ოჯახი, მე ვერასოდეს ვერ დავიწყებდი ამ გზისკენ სვლას.
„მეტრონომი“: გაიხსენეთ, რომელი იყო თქვენი პირველი როლი, როგორი იყო პირველი კასტინგები?
ირაკლი ლოლაძე: 2009 ან 2010 წელი იყო. ზუსტად აღარ მახსოვს როდის, მაგრამ მიმიწვიეს კასტინგზე თბილისში, ეს იყო ლევან კოღუაშვილის ფილმი “ქუჩის დღეები”. საბედნიეროდ, ეს იყო ჩემი პირველი კასტინგიც და პირველი როლიც.
„მეტრონომი“: როგორ ემზადებით ხოლმე როლისთვის, რაიმე რეცეპტი, რაიმე ფორმულა არსებობს მსგავს სიტუაციებში?
ირაკლი ლოლაძე: ნუ, თავიდან, რა თქმა უნდა, მინიმუმ 7-ჯერ ვკითხულობ სცენარს, სხვადასხვა მხრიდან. ჯერ როგორც უბრალო მკითხველი, მერე როგორც მსახიობი, როგორც პერსონაჟი. მნიშვნელოვანი მომენტია, როგორ ხედავს ამ პერსონაჟს ირგვლივ მყოფი ხალხი. რაც უფრო მაგრად გაიცნობ პერსონაჟს და შეისწავლი მის შინაგან სამყაროს, მით უფრო ბუნებრივი და ნამდვილი პერფორმანსი გამოდის. მერე, ცდილობ ამ ადამიანის მსგავსად იცხოვრო.
მე, მაგალითად, დღიურები მაქვს ყველა ჩემი პერსონაჟის, რა უყვარს, როგორ მუსიკას უსმენს, ვინ არის მისი საყვარელი მხატვარი. და რატომ?
მახსოვს ერთხელ მომიწია უსახლკარო, მოხეტიალე ნარკომანის თამაში, ძალიან გამიჭირდა გადმომეცა მისი ტკივილი და თუნდაც ის, თუ როგორ და რატომ დაიწყო მისთვის ასეთი უიღბლო ცხოვრება. ამიტომაც გადავწყვიტე მეცხოვრა გარეთ, როგორც მას. მეძინა ქუჩაში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე -“სკიდ როუ”. ეს იყო, ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი მომენტი ამ როლისთვის.
„მეტრონომი“: რომელია თქვენი საოცნებო როლი, ასეთი გექნებათ…
ირაკლი ლოლაძე: საოცნებო როლი, როგორც ასეთი არა, მაგრამ ჩემი უდიდესი ოცნებაა, ოდესმე მონაწილეობა მივიღო პროექტში ჩემ საყვარელ მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად.
მაგალითად გერი ოლდმანი, ანტონი ჰოპკინსი, ტიმ როტი, ოსკარ აისაკი; ოლივერ სტოუნი, სკორცეზე, დარენ არანოვსკი, ლარს ფონ ტრიერი და ა.შ.
საოცნებო როლი? ალბათ, ჯოკერი, ჰანიბალ ლექტერი. უფრო უარყოფითი გმირის შექმნა მიზიდავს, ვიდრე პროტაგონისტის.
მაგალითად, თებერვალში გვქონდა პრემიერა პიესის “The Quills” – By Doug Wright, სადაც მომიწია კათოლიკე მღვდლის როლის თამაში, სადაც კეთილი მღვდლიდან ნელ-ნელა იწყება მისი ნეგატიური და ფსიქიკურად შეშლილი ცხოვრება, მარკიზ დე სადის ირგვლივ.
„მეტრონომი“: სურვილების შესახებ გასაგებია. ახლა გვითხარით, როგორია თქვენი კარიერული გეგმები?
ირაკლი ლოლაძე: ჯერჯერობით, ვცდილობ ინდუსტრიაში ფუნდამენტალურად დამკვიდრებას, ყოველთვის ახალი აგენტების და პროექტების ძიებაში ვარ. სამწუხაროდ, არ მაქვს მიმდინარე პროექტებზე ლაპარაკის უფლება, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, წარმატებული დასასრული ექნება.
ასევე ვცდილობ, რომ ჩემი რამდენიმე მეგობრის სცენარი დავამტკიცებინო პროდისურებს. მინდა, ასევე, საქართველოშიც მივიღო მონაწილეობა რაიმე საინტერესო პროექტში. სამუხაროდ, საკმაოდ მოკრძალებული რეპუტაცია აქვს საქართველოს ამერიკის კინოინდუსტრიაში.
„მეტრონომი“: ახლა რა პროექტზე მუშაობთ?
ირაკლი ლოლაძე: რა თქმა უნდა, ყოველთვის მიწევს კასტინგებზე და გადაღებებზე სიარული რადგან, აქ ერთ კვირიანი შვებულებაც კი შეიძლება კრიტიკული იყოს. მით უმეტეს, წლის ეს პერიოდი ახალი სერიალების და პილოტების სეზონია. ამიტომ, იმპულსის და მომენტუმის დაგდება დიდი შეცდომაა.
„მეტრონომი“: Burritos and Coke –ზე გვიამბეთ...
ირაკლი ლოლაძე: ეს იყო პროექტი, რომელიც შედგებოდა 12 პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან. აი, როგორც “პარიზო, მე შენ მიყვარხარ” და ამ ფილმში ნარკომანის როლი მქონდა, რომელიც რეაბილიტაციის სტადიის პროცესში, ისევ უბრუნდება ძველ, რუტინულ დამოკიდებულ ცხოვრებას.
„მეტრონომი“: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი? თქვენი აზრით, როგორი იქნება ირაკლი ლოლაძე 10 წლის შემდეგ?
ირაკლი ლოლაძე: ვცდილობ არ ვიფიქრო სად და როგორ ვიქნები. სიმართლე გითხრათ, ვინაიდან კონცენტრირებას ვუკეთებ თუ როგორ და რანაირად გავიარო წარმატებულად კასტინგი და ასევე მქონდეს უპირატესობა ჩემს კონკურენტზე. თუმცა ალბათ, წარმომიდგენია თავი გადაღებაზე, დიდ პროექტში ისევ და ისევ ჩემთვის საყვარელ მსახიობების ირგვლივ, მაგრამ უკვე როგორც არა დამწყები, ამომავალი მსახიობი, არამედ, როგორც ერთ-ერთი წამყვანი, წარმატებული პროფესიონალი.
მეტრონომი