ვფიქრობ, მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუკი, ეს გუშინ მოხდებოდა, იმ პროცესების დაწყებამდე, რაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვნახეთ, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს
როგორც ის განმარტავს, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ სხვა პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის – გიორგი გახარიასი.
„ცხადია, გუშინ თერთმეტი საათიდან დღეს დილამდე რა მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი, აქ უკვე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი შემოდის. ცხადია, პირველ რიგში, პოლიტიკური. დღეს 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, საია-მ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ბატონი კობახიძე გადამდგარი არ იყო. მისი გადადგომის მოთხოვნის შემდეგ, მეორე საკითხი დაყენებული იყო, რომ უნდა გადადგეს ბატონი გიორგი გახარია, რადგან ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს წარმოუდგენელი რამ იყო. თუმცა, თავდაპირველ ეტაპზე, რასაც კადრების სახით ვხედავდით, სრული საფუძველი ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს ჩარევა მომხდარიყო, მაგრამ რა ფორმითაც და როგორც ეს ჩარევა დაიწყო და შემდეგ რაც გაგრძელდა, არის ის, რასაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა სჭირდება”, -განაცხადა სალაძემ.
მისი განმარტებით, თბილისის საქალქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომები 2011 წლის პროცესებს აგონებს, როცა მტკიცებულებებს რეალურად არ იხილავდნენ.
“ეს პროცესები, რაც აქ იმართება, მაგონებს 2011 წლის 26 მაისის სასამართლო სხდომებს. მახსოვს, მაშინაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ კონვეირული წესით, სასამართლო ერთმანეთის მიყოლებით იხილავდა საქმეებს, ისე რომ რეალურად არ ხდებოდა მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ ვნახეთ, რომ დღის პირველი ნახევარი სასამართლო 10-13 დღით პატიმრობას უფარდებს დაკავებულებს. ახლა დაიწყო პროცესების გადადება, ნაწილის შემთხვევაში, ჯარიმის გამოყენება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ ამ დრომდე სასამართლო საქმეებს ისე იხილავს, რომ რეალურად რა მოხდა, არ იკვლევს. ყველას აქვს უფლება, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს, რომ ისარგებლოს ადვოკატის უფლებით. უამრავი ადამიანი მოდის და გვეუბნება, რომ ადვოკატი არ ჰყავთ და უნდათ დავეხმაროთ. ჩვენ შესაძლებლობების ზღვარზე ვართ, 40-ზე მეტ წარმომადგენლობას ვახორციელებთ ჩვენი ადვოკატების საშუალებით. თუ სასამართლო და გამოძიება ამ პროცესს ფორმალურად უდგება და უნდა ადამიანები ამ საპროტესტო მუხტს განარიდოს, ეს არის ერთი მხარე. მეორე მხრივ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინდელ მოვლენებს დაემატება სასამართლო, რომელიც ვარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, – განაცხადა სალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალქო სასამართლოში, სადაც გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმეს განიხილავენ, ადვოკატები დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას უსასყიდლოდ უწევენ.