პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაშავდნენ ადამიანები, ზოგიერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოში წესრიგს იცავდა; ზოგიერთი იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული და შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა; ზოგიერთი კი, იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ, სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა, პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე, ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.
„ყველა საქართველოს შვილია. ყველა ძვირფასია და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს: „კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიებისგამო! უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ამ წუთამდე ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე “, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მადლობა პოლიციელებსაც გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ბოლო შესაძლებლობამდე ეცადნენ, მოქალაქეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება. სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის.