ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე – გადადგეს გახარია და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით

ხელისუფლება რომ უგუნურია იმაშიც დამტკიცდა, რომ დროულად რომ შეესრულებინა მოთხოვნები, რასაც საზოგადოება ითხოვდა, არ იქნებოდა ათეულობით დასახიჩრებული ადამიანი. ამას ვითხოვდით – კობახიძის გადაყენებას. დღეს ეს არის მომხდარი ფაქტი, მაგრამ რაც ხელისუფლებამ აქციის დაშლისას ჩაიდინა, ეს არის დანაშაული, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმულირებით არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის თემის კომენტირებისას განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

“ჩვენ უკვე მოვითხოვთ, დამნაშავეების დასჯას, გახარიას გადადგომას და ასევე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება, რომელიც ისედაც იყო ინიცირებული ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების მიერ და 200 000 ხელმოწერა უკვე შეტანილია პარლამენტში და ხელისუფლება რეალურად უნდა დაემორჩილოს ხალხის ნებას. კიდევ ერთი – შეწყვიტოს ივანიშვილმა საკუთარი არაკონსტიტუციური მმართველობის გაგრძელება. მომავალ კვირას პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს 20 მოსამართლის სია. აქედან უმრავლესობა იქნება ყურმოჭრილი იუსტიციის საბჭოს შერჩეული მორჩილი და მარიონეტი მოსამართლეების, თადუმაძისა და მსგავსი ადამიანების სახით. არ გაბედოს პარლამენტში ამ სიის შემოტანა, თორემ ამ სიას თავზე გადავახევთ”, – აცხადებს გოცირიძე.

შეგახსნებთ, გუშინ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.

“ქართულ ოცნებაში” გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

იტვირთბა....