პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელია გუშინდელ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უპირველესად “ქართულ ოცნებას” ეკისრება.
“საუბარი მინდა დავიწყო ხელისუფლების პასუხისმგებლობით, რომელმაც ვერ გააცნობიერა საზოგადოებრივი პროტესტის მოსალოდნელი საფრთხე,” – ამბობს ეკა ბესელია და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
დეპუტატის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება, რადგან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პარლამენტში გამართვა მისი გადაწყვეტილება იყო:
” მმართველმა პარტიამ მას გუშინ არ დაატოვებინა თანამდებობა და ეს გადაიზარდა ისეთ დაპირისპირებაში, რომელსც აშკარად ჰქონდა უკანონო სახე. ძალადობრივი მოწოდებები, რაც ცალკეული პირების მხრიდან ისმოდა, დაუშვებლად მიმაჩნია. იყო თავდასხმა და ძალის გამოყენება როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციის მხრიდან. ამიტომ, აქ არის ორმხრივი პასუხისმგებლობა. ფაქტია, მძიმე შედეგი დადგა, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა და ჯანმრთელობა დაუზიანდა.” – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარს უჭერს.
ეკა ბესელიას თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს და დროულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
“ისინი თავად მოიყვანენ ვადამდელი არჩევნების საკითხს. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორც მოიქცევა ქართული ოცნება. ის უნდა გრძნობდეს და იაზრებდეს პასუხისმგებლობას და მღელვარების შესაძლო შედეგებსაც,” – ამბობს ეკა ბესელია.
რაც შეეხება დღეს, 21 ივნისს დანიშნულ აქციას, დეპუტატის თქმით, ის ყოფილი მოძალადეების გვერდით ვერ დადგება, მაგრამ იქნება ყველა ადამიანის გვერდით, ვინც სამართლიანად გამოხატავს პროტესტს:
“ჩვენ ხალხის პროტესტს ვუერთდებით. მე არ მინდა წარსულში დაბრუნება. ჩვენ გვინახავს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც მიბრძოლია და მე არ ვაპირებ იმ ადამიანებს ვიდგე გვერდით, ვინც თავად იყო მოძალადე, მაგრამ ვიდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც სამართლიანად გამოხატავს პროტესტს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის, თუ ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას შეურაცხყოფს” – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსნებთ, გუშინ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.