ჟურნალისტებს ვთხოვ, ნუ იქცევიან იარაღად პროვოკატორი „ნაციონალების“ ხელში და ნუ გადაიქცევიან მხარედ ამ არეულობის მოწყობის მცდელობაში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიით, „რუსთავი 2“ მაგალითად, პირდაპირ ამბობს ასეთ ტყუილს, აბსოლუტურად შეგნებულ ტყუილს, თითქოს სპეცრაზმმა და პოლიციელებმა მიიღეს ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, რაც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. მივიღე ინფორმაცია ხელისუფლებისგან და შესაბამისი უწყებებისგან. ამის გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ხალხი აღაშფოთონ და ქუჩაში გამოიყვანონ. მინდა, მოვუწოდო ყველას სიმშვიდისაკენ. პოლიცია ისევ და ისევ იმოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და არანაირ ძალადობას ადგილი არ ექნება. და მეორე, სხვა ტელევიზიას გაუვრცელებია ინფორმაცია, თითქოს გაზი იყო გამოყენებული და გაზი გაუშვა პოლიციამ. შესაბამისი ორგანოებიდან მომაწოდეს ინფორმაცია ამ წუთში, რომ არანაირი გაზი არ ყოფილა გამოყენებული და ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ყველამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და განსაკუთრებით ჟურნალისტებს ვთხოვ, ნუ იქცევიან იარაღად პროვოკატორი „ნაციონალების“ ხელში და ნუ გადაიქცევიან მხარედ ამ არეულობის მოწყობის მცდელობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.