გადადგეს ირაკლი კობახიძე – ამ მოთხოვნით MANIFEST.GE-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიცია მოქალაქე ნანა ზაალიშვილის მიერაა დარეგისტრირებული.
“საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს!
ეს ფაქტი საკმარისი უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის, რომ რუსეთის დუმის არც ერთი წევრი არ დაეშვა პარლამენტის შენობაში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის უტიფრად იტყუება, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. ირაკლი კობახიძე ვალდებულია ქვეყნის წინაშე ფლობდეს ყველანაირ ინფორმაციას საქართველოს მტრების საქართველოში გადაადგილების შესახებ.
გადადგეს ირაკლი კობახიძე!
დღეს მან კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე და რუსეთთან დამოკიდებულება! საქართველოს არ სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მსგავს საკითხებს ვერ აკონტროლებს და “ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს!”
გადადგეს ირაკლი კობახიძე!”, – ნათქვამია მანიფესტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.