როგორც “რია ნოვოსტზე” დაყრდნობით, პირველი არხი ავრცელებს, გავრილოვის განცხადებით რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა. რუსეთის სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
გავრილოვის თქმით, მათ სხდომათა დარბაზი დაცვის სამსახურის საშუალებით დატოვეს. ახლა კი, დელეგაციის წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გაგრძელდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა.
“ახლა დელეგაციის წევრები შევიკრიბებით იმის განსახილველად, თუ როგორ გავაგრძელოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სხდომის მუშაობა.” – აცხადებს დუმის დეპუტატი.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გავრილოვი ასევე განმარტავს, რომ „დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა“, რასაც ის უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.