პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, “თბილისი პრაიდის” წევრების მიმართ მუქარას ეხმიანება.
“ჩვენ შეიძლება ვინმე არ მოგვწონდეს ან მოგვწონდეს, ვეთანხმებოდეთ ან არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გამოხატვის ფორმა. მუქარა, მით უმეტეს სიცოცხლის მოსპობის, მიუღებელია. იმედი მაქვს, სამართალდამცავი უწყებები გაატარებენ შესაბამის ზომებს.
ეს ძალადობრივი მოწოდებები და დაპირისპირება ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს”, — წერს ფეისბუქზე სოფო კილაძე.
შეგახსენებთ, პრაიდის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ მათ მოკვლით ემუქრებიან. ორგანიზატორებმა ,გიორგი თაბაგარმა, თამაზ სოზაშვილმა და მარიამ კვარაცხელიამ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს.
გარდა ამისა, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც, მათი აზრით, პრაიდის ოფისი მდებარეობდა, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებისგან ოფისის დახურვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარების აჭედვით იმუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.