საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი ილია მეორის მიმართავს ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
„გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის, – ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებითა და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით. მოციქული მატათა ბათუმის ახლოს, გონიოშია დაკრძალული, სვიმონ კანანელი კი – აფხაზეთში, კომანში. თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც 1700 წლის წინ, ასევე ღვთისმშობლის დავალებით, მოვიდა კაპადოკიელი ქალწული, წმინდა ნინო, რომლის ქადაგებითა და ღვთის შეწევნით აღსრულებულ სასწაულთა მადლით მოექცა ჩვენი მეფე-დედოფალი, მთელი ერი და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს IV საუკუნის 30-იან წლებში მოხდა; V საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, XI საუკუნიდან მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს. თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც ჩვენს სულიერ დედაქალაქ მცხეთაში დაფლულია ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდენი, – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, სადაც დაცულია ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები, ღვთისმშობლის კვართი და მრავალი სხვა სიწმინდე“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.
როგორც პატრიარქი აცხადებს, „საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად, 2000 წლის განმავლობაში შეურყვნელად დაიცვა უცვალებელი სწავლება ეკლესიისა“.
„არაერთი მაგალითი გვაქვს, ათასობით ბერის, მონაზვნის, სასულიერო პირისა და ერისკაცთა თავდადებისა. ჯალალედინის დროს მარტო ერთ დღეს 100 000 მართლმადიდებელს მოკვეთეს თავი, რომელთაც არ შეურაცხყვეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. თუმცა, გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც – ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა: ხელნაწერები, ხატები, ტაძრები, საეკლესიო ნივთები; გადაასახლეს, დაარბიეს და დახვრიტეს თითქმის მთელი სასულიერო დასი, რის შედეგადაც 25 000 მოქმედი ეკლესიიდან XX საუკუნის სამოციანი წლებისთვის 48-ღა დარჩა. მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ახორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20 პროცენტი) ოკუპირებულია. ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, 19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.