წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების მიზნით.
40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წჯსკ-ს ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში 19 ივნისიდან სექტემბრამდე იმუშავებენ. – ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.
გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიიღეს 2010 წელს წჯსკ-ს, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია – პასუხი გაეცეს გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს, გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალი წელია გასული.
ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტები – არქეოლოგები, ანთროპოლოგები – პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში უკვე მესამე წელია მონაწილეობენ გათხრებისა და ექსჰუმაციის პროცესში.
2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული. აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.