ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოებები, რომლებიც საქმეში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოვლინდა.

„ახალი, უტყუარი გარემოება დევს საქმეში, რომ იულია სუსლიაკს არც ერთი ბავშვი არ გაუყიდია და არ უყიდია. ეს დადასტურებულია ბიოლოგიური ექსპერტიზით, დამტკიცებულია უკრაინის შს სამინისტროდან მოსული მასალებით და შესაბამისი დოკუმენტების დედნებით. ეს არ გაითვალისწინა მოსამართლემ და თქვა, რომ არ არის ახალი გარემოება. შეიძლება, ითქვას, რომ იულია სუსლიაკს არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება ამ ქვეყანაში. საქმე არის შეთითხნილი. სასამართლო ხელისუფლებას არ უნდა, აღიაროს, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა თავის დროზე ჩაიდინეს დანაშაული“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

სს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის მეშვეობთ ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

იტვირთბა....