თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, “გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112ში” მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.
შეტყობინებები, ასევე, შემოვიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონებში დაფიქსირდა.
ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორინგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება”. – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.