საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ერქვანია, თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით, ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს მოუწოდებს, არ დაუშვან თბილისი პრაიდის ჩატარება.
“ქვეყანაში დაანონსებული LGBTQI პრაიდის ჩატარება, რომელიც თურმე ე.წ. ღირსების მარშით უნდა დასრულდეს, საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფაა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მცდელობა ქართველი ერის ღირსების შელახვის. მივმართავ საქართველოს მთავრობას, მიუხედავად გარე თუ შიდა ძალების მხრიდან მიმდინარე არნახული ზეწოლისა, არ დაუშვას ქვეყანაში უზნეობის პროპაგანდა და გეი აღლუმი. სხვა შემთხვევაში, ქართველი ხალხი თვითონ აღკვეთავს დაანონსებულ უზნეობას და დაიცავს ქვეყნის ღირსებას, რაც აუცილებლად გამოიწვევს არეულობასა და ქაოსს.
ვინც დღეს მხარდაჭერას უცხადებს გეი აღლუმის ჩატარებას, პროვოცირებას უკეთებს ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს დაპირისპირებასა და ძალადობას. ქართველი ერი არასდროს დაუშვებს ქვეყანაში გეი აღლუმების ჩატარებას.
მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ქართველი ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ქვეყანას, ღირსებასა და ზნეობას არასდროს უღალატებს, რომ საქართველოში უზნეობა ვერასდროს გაიმარჯვებს, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს.
ვინაიდან პრაიდის ორგანიზატორები არ ითვალისწინებენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და უპირისპირდებიან მთელ მოსახლეობას, ხელისუფლებამ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავად უნდა აღკვეთოს უზნეობის პროპაგანდა და უზრუნველყოს ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა”, – აცხადებს ალექსანდრე ერქვანია.
წყარო – “ნეტგაზეთი“