ხელისუფლება თუ ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, სახლში უნდა წავიდეს, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდზე“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ, განაცხადა.
„ერთ მხარეს გვყავს მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სურთ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ისარგებლონ და ჩაატარონ მშვიდობიანი მსვლელობა. მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფრად აგდებენ კანონს, კონსტიტუციას, დემოკრატიული საზოგადოების წესწყობილებას და ამბობენ, რომ ჩვენ ვიძალადებთ ადამიანებზე თუკი ისინი საკუთარი უფლებით ისარგებლებენ და ამ დროს გვესმის პოზიცია სახელმწიფოსგან, რომ ისინი ვერ დაიცავენ მშვიდობიან ადამიანებს.
თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას და კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, მაშინ უნდა წავიდეს სახლში.
თუკი აპირებს და ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, მაშინ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
წყარო – საქართველოს პირველი არხი