ბიძინას გაშვება არ არის საკმარისი ამოცანა – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ის ოპოზიციისა და დიპკორპუსის შეხვედრას ესწრებოდა.
მისი თქმით, მანამ, სანამ ტარდება არჩევნები სადაც, მოქმედ ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს სახელისუფლებო ინსტრუმენტებს, ქვეყანა წინ ვერ წავა.
“აქ მოვედი არა როგორც მხოლოდ “შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი, არამედ, როგორც ოქროს მოწმე, რადგან 1989 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო მოლაპარაკებებში, არჩევნების ორგანიზებაში, არჩევნებში. 30 წლის წინ შედგა მოლაპარაკება კომუნისტურ ხელისუფლებასთან, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ 30 წელია ქვეყანა გვყავს ჩიხში, ვინაიდან ვერ ჩავატარეთ ისეთი არჩევნები, რომლის დროსაც მოქმედ ხელისუფლებას სახელისუფლებო ინსტრუმენტები – საბიუჯეტო სახსრები, უშიშროება, პოლიცია, თვითმმართველობა არ ეყოლებოდა ინსტრუმენტად გამოყენებული ოპონენტების წინააღმდეგ. სანამ ასეთი არჩევნები ტარდება, ვინც არ უნდა იმარჯვებდეს, საბოლოო ჯამში ქვეყანა წინ ვერ მიდის. 2003 წელსაც და 2012 წელსც ასეთ არჩევნებში მოხერხდა ძალაუფლების გამოგლეჯვა წინა მპყრობელისგან, ოღონდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჩაეხუტებინა გულში და აღარ უშვებს ხელს. ამიტომ, პროპორციული არჩევნები და სამართლიანი არჩევნები ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის სადამფუძნებლო არჩევნები.” – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი პოზიციით, არსებული მდგომარეობის შეცვლისთვის საჭროა 2020 წელი გამოცხადდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების წლად.
“ივანიშვილი თუ ვერ ატარებს ამას და არ დათანხმდება ამის გაკეთებაზე, მაშინ ჩემი წინადადება ოპოზიციისთვის არის შემდეგი – 2020 წელი გამოვაცხადოთ არა ვინმეს მიერ ხელისუფლების ხელში აღების წლად, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების და ვადამდელი 3-4 თვეში პროპორციული არჩევნების ჩატარების წლად. პროპორციული იმიტომ, რომ კონსტიტუცია უკვე პროპორციულს ამბობს და სამართლიანი იმიტომ, რომ ტექნიკური კოალიციური მთავრობა სულ 3-6 თვით მოსული შემდგარი იქნება კონკურენტი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სუსი, პოლიცია და თვითმმართველობა, არ იქნება არავის მხარეს, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ხალხს მიეცემა საშუალება თავისუფალი ნების გამოვლენის, ბიზნეს მიეცემა საშუალება თავისუფალი ნების გამოვლენით დააფინანსოს ვისი დაფინანსებაც უნდა, მედიას მიეცემა ასევე თავისუფლება. ასეთი არჩევნების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ბიძინას გაშვება არ არის საკმარისი ამოცანა, თუ ბიძინა გავუშვით და ვინმე მოვიდა, რომელიც ბიძინასავით, მიშასავით, ედუარდივით ჩაიხუტა გულში ძალაუფლება, მაშინ ამას აზრი არ ექნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა